ნინო ბურჯანაძე შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, საპრეზიდენტო კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დემოკრატიული მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, დღეს, შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, დაიანა იანსეს შეხვდა.

შვედეთის ელჩი დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტებით, წინასაარჩევნო გარემოთი და ნინო ბურჯანაძის შეხედულებით არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალია, კამპანია მაინც არასამართლიან და არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს.

"ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სარეკლამო დროით, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებით. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" აპირებს ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვებას, რათა მოხდეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე",-აცხადებენ პარტიაში.