დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე. 

მხარეებმა ისაუბრეს არჩევნების წინ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები "ევროპის სახალხო პარტიიდანაც" რწმუნდებიან იმაში, რომ საქართველო წინ მიდის. მათ დაგვიდასტურეს სრული მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. "ევროპის სახალხო პარტია" თანადგომას უცხადებს საქართველოს შემდგომ ეტაპზეც, როდესაც უკვე დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს სხვადასხვა დოკუმენტზე ხელმოწერა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უსუფაშვილის განცხადებით, დელეგაციის წევრებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ პოლიტიკურად რამდენად მიუკერძოებელია საქართველოში მართლმსაჯულება, პროკურატურა თუ პოლიცია, რაზეც ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

"შეხვედრამ ჩაიარა ძალიან საქმიან, მეგობრულ ატმოსფეროში. თუ შევადარებთ "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლების განწყობებს თუ განცხადებებს რამდენიმე თვის წინ და დღეს, ეს არის სრულიად სხვადასხვა მოვლენა. ეს იმის შედეგია, რომ რეალობას ყველა ხედავს. პრობლემები საქართველოში რომ არის ამას არავინ უარყოფს, არც ჩვენ, მაგრამ მონდომებული რომ ვართ ამ პრობლემების მოგვარებისთვის და რომ ევროპული არჩევანი ჩვენი არჩევანია, ამას ყველა ხვდება უკვე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.