სასამართლოს უპატივცემულობის გამო, პირის დარბაზიდან გაძევების ან დაჯარიმების გადაწყვეტილება, გასაჩივრებას დაექვემდებარება

სასამართლოს უპატივცემულობის გამო, პირის დარბაზიდან გაძევების ან დაჯარიმების გადაწყვეტილება, გასაჩივრებას დაექვემდებარება

სასამართლოს უპატივცემულობისთვის, სასამართლო დარბაზიდან გაძევებულ ან დაჯარიმებულ პირს, შესაძლოა, მოსამართლის შესაბამისი განკარგულების გასაჩივრების უფლება მიეცეს. ამას "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა. ინიციატივა დღეს სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

მოქმედი კანონით, სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში საჩივრდება, თუკი ეს პატიმრობას ეხება, თუმცა არ საჩივრდება დაჯარიმებისა და გაძევების სახით გამოტანილი გადაწყვეტილება. ასეთი აკრძალვა ადვოკატებზეც ვრცელდება.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, სასამართლოს მიერ წესრიგის დარღვევაზე მიღებული განკარგულების გასაჩივრების უფლება მიეცემათ პირებს, რომელთაც პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაძევების სახით დაეკისრათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარს სასამართლო დაპატიმრების შესახებ განკარგულების გასაჩივრებისთვის დადგენილი პროცუდურით განიხილავს. კერძოდ, განკარგულება 48 საათის ვადაში ზედა ინსტანციაში საჩივრდება. ასეთი საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო მისი განხილვის ვადა 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.