გუნარ ჰოკმარკი:   ჩემთვის რთული გასაგებია, თუ რატომ არის დაკავებული ვანო მერაბიშვილი

გუნარ ჰოკმარკი: ჩემთვის რთული გასაგებია, თუ რატომ არის დაკავებული ვანო მერაბიშვილი

ჩემთვის რთული გასაგებია ის ლოგიკა, თუ რატომ არის დაკავებული ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა განაცხადა.

"ჩვენ მოვინახულეთ ვანო მერაბიშვილი. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან შევეცადეთ გაგვეგო ის ლოგიკა, თუ რატომ არის ის დაკავებული. ჩვენთვის ეს ძალიან რთული გასაგებია, რადგან მისი დაკავება უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და უზრუნველყოფილი, რომ მას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობიან. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მერაბიშვილი დროულად წარსდგეს სასამართლოს წინაშე და აგოს პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც არის კანონის უზენაესობა. ვითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არ არის საქართველოსთვის კარგი და მიზანშეწონილი ამ მხრივ. თვითონ ის ფაქტი, რომ 4500 მოწმე არის დასაკითხი, ესეც საკმაოდ უცნაურია. ვურჩევ საქართველოს მთავრობას, რომ გამოასწოროს ეს სიტუაცია", - განაცხადა ჰოკმარკმა.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც საქართველომ უნდა დადოს ევროკავშირთან, არ არის მხოლოდ შეთანხმება და ეს არის გარკვეულწილად ვალდებულებებიც.

"ეს ქვეყანას ავალდებულებს ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტი, აქედან გამომდინარე, როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, მიგვაჩნია, რომ არ არის სერიოზული, როდესაც ადამიანი ამდენ ხანს არის წინასწარ პატიმრობაში და მისი სასამართლოს წინაშე წარდგენა ყოვნდება. მე ამ ყველაფერს ვამბობ, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობარი", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში დღეს ვანო მერაბიშვილი მოინახულეს ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წარმომადგენლებმა - გუნარ ჰოკმარკმა, კრჟიშტოფ ლისეკმა, ტრაიან უნგურეანუმ, ლაიმა ანდრიკიენემ და ინესე ვაიდერემ.