რუსი მესაზღვრეეები დვანში ე.წ.სადემარკაციო სამუშაოებს ხვალაც გააგრძელებენ

რუსი მესაზღვრეეები დვანში ე.წ.სადემარკაციო სამუშაოებს ხვალაც გააგრძელებენ

რუსი მესაზღვრეები სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე ადგილობრივი მოსახლეობაც იყო შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარ ბაღებში შესვლას უკვე ვეღარ ახერხებენ, რადგან მოსავლის აღების შესაძლებობას რუსები აღარ აძლევენ. მათი თქმით, გუშინ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში მისცეს სიმინდის აღების შესაძლებლობა. 

ადგილობრივების თქმით, სოფლის მოსახლეობის 20-30% სასოფლო- სამეურნეო მიწების გარეშე დარჩა. ცოტა ხნის წინ, დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაზა კოპაძემ მედიასთან საუბრისას საზოგადოებას ბოდიში მოუხადა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. სწორედ ზაზა კოპაძემ განაცხადა ორი დღის წინ, რომ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საოკუპაციო ხაზი დვანის მიმართულებით დაახლოებით 600 მეტრით გადმოწიეს. დღეს კი სოფლის რწმუნებული აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მან დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

დვანში იმყოფებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც. ისინი აცხადებენ, რომ ადგილზე ვითარებას საფუძვლიანად შეისწავლიან თუ რა სახის ზარალი მიიღო მოსახლეობამ და სამინისტრო ამ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტლებას მიიღებს. თუმცა, რა ფორმით მოხდება ეს, იქნება სანაცვლოდ სარგებლობაში მიწების გადაცემა, თუ სხვა სახის კომპენსაცია, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.

რუსი სამხედროები დასახლებულ პუნქტამდე, ანუ სოფელ დვანის საცხოვრებელ სახლებამდე, სავარაუდოდ, ხვალ, საღამოს მივლენ და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი ხომ არ შეექმნება საფრთხე სოფლის განაპირას მცხოვრები სამი მოსახლის სახლს.