გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხიდან გაათავისუფლეს

გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხიდან გაათავისუფლეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი დავით ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადიციო ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩხიტუნიძის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ განუცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზეა ბრალდებული, საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებს. 

თალაკვაძის განმარტებით, ათენის ციხიდან ჩხიტუნიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატებმა სასამართლოს მიაწოდეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩხიტუნიძის დიპლომატიურ პასპორტს ვადა გასული არ ჰქონია.

"დავით ჩხიტუნიძე ათენში უკანონოდ დააპატიმრეს - ვადაგასული დიპლომატიური პასპორტის საფუძველზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პასპორტის მოქმედების ვადა გაგრძელებული იყო და ათენის სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა, რის შემდეგაც ჩხიტუნიძე გაათავისუფლეს", - განაცხადა ვახტანგ თალაკვაძემ.

ამასთან, ადვოკატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დავით ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა და სიმართლეს არ შეესაბამება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლმა დააკავა.

"ინტერპოლში თვეების განმავლობაში განიხილავენ შესული მასალების მიხედვით, უნდა მოხდეს თუ არა ამა თუ იმ პირის ძებნილად გამოცხადება. ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა", - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება დავით ჩხიტუნიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი აცხადებს, რომ ათენის ციხეში ცემის შემდეგ, მისი დავის ქვეშ მყოფს სარეაბილიტაციოდ დრო სჭირდება, რის შემდეგაც საქართველოში ჩამნოსვლას აპირებს.

"ვესაუბრე ჩხიტუნიძეს. გადაწყვეტილი აქვს ჩამოსვლა. თუმცა, სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი, როგორია, 30 კაცი რომ შემოგივარდება კამერაში და გცემს. რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ან ხვალ, თუმცა დაბრუნდება და წარდგენილ ბრალდებას გასცემს პასუხს", - განაცხადა ადვოკატმა.

ჩხიტუნიძე ათენში, თურქეთში გამგზავრების მცდელობისას დააკავეს. საქართველოს შსს-მ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს". სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ბრალდება.

ჩხიტუნიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.