18 არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

18 არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თხოვნა გაუგზავნა. არასამთავრობოების განცხადებით, გალის ხუთმხრივი შეხვედრები უნდა აღდგეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, დღეიდან გალის რაიონში ე.წ. აფხაზური პასპორტების ამოღების პროცესი იწყება, რაც კიდევ უფრო გაართულებს იქ მცხოვრებ ეთნიკური ქართველების ცხოვრებას, მათ შეეზღუდებათ გადაადგილება და ვერ შეძლებენ ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილი ქალები - საკუთარი უფლებების დაცვისათვის" ხელმძღვანელი ნონა უბილავა აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს ე.წ. სასაზღვრო ზოლზე რუსები ჩაასახლოს და ამ პროცესში მათ ქართველები უშლიან ხელს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ქართველები უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე, ისინი შეძლებენ იქ დარჩენას, ხოლო თუ ქართველები ამაზე უარს განაცხადებენ, მაშინ მათ მოუწევთ აფხაზეთის დატოვება და გალის რაიონის ტერიტორიაზე რუსები ჩასახლდებიან.