"სადახლოს" საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "სადახლოს" საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი კახაბერ მუსერიძე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ამავე საბაჟო-გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი კახა არჩვაძე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 21 სექტემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სადახლოს" უფროსის, კახაბერ მუსერიძის დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ერთ-ერთი მეწარმისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, ამავე საბაჟო-გამშვები პუნქტის ცვლის უფროსმა კახა არჩვაძემ, კანონით გათვალისწინებული საბაჟო შემოწმებისა და კონტროლის გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო და ვეტერინარული დოკუმენტაციის გარეშე, საქართველოში შემოუშვა მეწარმის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დატვირთული იყო 10 103 ლარის ღირებულების, სარეალიზაციოდ გამზადებული 377 ცალი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ფრინველით", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.