საია აუდიტის სამსახურს ბათუმში განხორციელებული პროექტების შესწავლისკენ მოუწოდებს

საია აუდიტის სამსახურს ბათუმში განხორციელებული პროექტების შესწავლისკენ მოუწოდებს

ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე 3 533 364 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ბათუმის რეაბილიტაციის შესახებ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

საია-ს ანგარიშის "რეაბილიტაციის პროცესი - ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია" პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართა. ანგარიშში მიმოხილულია ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებული ბათუმის "ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა", ასევე წარმოდგენილია ისეთი პროექტები, როგორიცაა, ბათუმში ანბანური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა, ისტორიული ფორტის და ოპერის სახლის მშენებლობა ბათუმში.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საია-ს იურისტმა, ანგარიშის ავტორმა სულხან სალაძემ აღნიშნა, პროგრამის ბიუჯეტი დაწყებიდან დღემდე 207 მილიონ ლარს აჭარბებს.
"ძალიან ბევრი კითხვაა, თუ რატომ ფინანსდებოდა იმ ტიპის პროექტები, რომლებიც აღარ განხორციელებულა შემდეგში, ან სამუშაოები დაწყებული იყო და აღარ გაგრძელებულა", - განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ს ანგარიშის თანახმად, ბათუმის მერიის მიერ ყველაზე ხშირად სახელმწიფო შესყიდვების ის ფორმები გამოიყენებოდა, რომლებიც როგორც წესი, ნაკლებად კონკურენტულია და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს. კერძოდ, მარტო პიაცას მოედნის პროექტის, ანბანის კოშკის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, ბათუმის მერიამ, 80 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებისა და გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით განახორციელა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა წლებში პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის მიერ მომსახურებისა და სამუშაოს სახით მილიონობით ლარის ღირებულების არაერთი ისეთი პროექტი იქნა შესყიდული, რაც შემდგომში აღარ განხორციელებულა. მათ შორის ოპერის თეატრის მშენებლობა ბათუმის ძველ ბულვარში, ბათუმის ფორტი, ანუ თეთრი კოშკი, პიაცას გადახურვის პროექტი და სხვა.

მხოლოდ ანგარიშში განხილული პროექტების მაგალითზე, საია-მ ბათუმის მერიის მიერ განუხორციელებელ პროექტებზე დახარჯული 3 533 364 ლარი დაითვალა. ამასთან, პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, საია-ს შეფასებით, სავარაუდოდ, სპონტანურ ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე ობიექტურ გათვლებზე დაფუძნებულ აუცილებლობას.

ანგარიშის თანახმად, დაფინანსებული პროექტების პარალელურად, ბათუმში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა განადგურდა და/ან მნიშვნელოვნად იცვალა სახე.

საია-ს აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის განცხადებით, გამოვლინდა პრობლემები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე აღმოჩნდა, რომ შესყიდვების პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ერთობლიობაში, ყოველივე ეს დიდ ეჭვებს ბადებს ბათუმის რეაბილიტაციის პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პროგრამის კომპლექსური შესწავლა და აუდიტის სამსახურის მიერ დაინტერესება. საია შესაბამის ორგანოებს ანგარიშში მოყვანილი ფაქტებით დაინტერესებისკენ და გამოძიებისკენ მოუწოდებს.