რუსმა სამხედროებმა დიცში ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები შეაჩერეს

რუსმა სამხედროებმა დიცში ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები შეაჩერეს

სოფელ დიცის განაპირას რუსი სამხედროები ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოებს აღარ აწარმოებენ. რუსმა მესაზღვრეებმა დღეს დილით დიცში ბოძების ჩასმა დაიწყეს , თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოტა ხნის წინ "ჯიპის" ტიპის ავტომანქანით მივიდნენ და მუშებს სამუშაოების შეჩერება უბრძანეს. 

სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა ორ ვერსიაზე საუბრობს. ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო მოხდა ამ სამუშაოების შეჩერება. მეორე ვერსიით კი, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ოსურმა მხარემ კვლავ შეცვალოს გადაწყვეტილება და მათი საცხოვრებელი სახლებიც მოექცეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დიცში იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე. კობერიძე ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი.

კობერიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია საერთაშორისო საზოგადოება და ორი დღის განმავლობაში დიცში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, ქართველი პოლიციელები უკვე ორი დღეა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პერიმეტრზე იმყოფებიან.