ზურაბ მელიქიშვილი:  ბიუჯეტი 400 მილიონით შემცირდება

ზურაბ მელიქიშვილი: ბიუჯეტი 400 მილიონით შემცირდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებით შევა. 

როგორც მელიქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, შემოსავლები შემცირებულია, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში სერიოზული დანაკლისია და საუბარია, რომ უკვე წინა თვის ანგარიშის მიხედვით შემოსავლებში 350 მილიონიანი გარღვევაა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარ მიზეზი გაჩერებული პროექტებია.

"ბევრი მაგალითია, რომ ქვეყნები თვითონ იგონებდნენ პროექტებს, რომ ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან ამოეყვანათ და ბიზნესმენებისთვის მიმზიდველობა გაეზარდათ. რომელი ბიზნესმენი შემოვა, როდესაც ქვეყანა თვითონ ამბობს უარს სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე", - განაცხადა დეპუტატმა.

მელიქიშვილის განცხადებით, ზუსტად 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებით შევა, რომლის მიხედვით მთლიანი პარამეტრი 8 მილიარდ 600 მილიონიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირდება. "ვინ არის მართალი ზუსტად მას შემდეგ გაირკვევა", - დასძინა მან.