გიორგი ბარამიძე პარლამენტს

გიორგი ბარამიძე პარლამენტს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემების დახურვის საკითხით დაინტერესებას სთხოვს

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პარლამენტს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვის საკითხით დაინტერესების მოთხოვნით მიმართავს. 

შესაბამისი განცხადება ბარამიძემ დღეს პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"შეიძლება მეორეხარისხოვანია "პირველი არხის" დამსგავსება ОРТ-ს სიმბოლიკასთან, მაგრამ ის, რომ "პირველ არხზე" არსებული ორი მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო გადაცემა, კითხვის ქვეშ დადგა, მნიშვნელოვანია. მივმართავ, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს, ყველას, ვისაც ხელეწიფება, საკითხი იყოს განხილული და არ დავუშვათ, რომ ეს გადაცემები დაიხუროს. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და არა - უკან და დემოკრატია კიდევ უფრო განვითარდეს. ამიტომ თუ ახალი არ შეიქმნება და არ დაემატება, ძველი, რომელიც მუშაობდა და პოლიტიკირი პროცესებისთვის სასარგებლო იყო, იმედია, არ დაიხურება", - განაცხადა ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბარამიძის განცხადებას სესიაზე უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა, რომელმაც კოლეგას განუმარტა, რომ კონკრეტული ავტორები წაიყვანენ თუ არა კონკრეტული გადაცემას, ამას "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" წყეტს სამეურვეო საბჭო და არა - პარლამენტი. ამასთან, მან აღნიშნა ისიც, რომ არსებობს კითხვები საბჭოს მიერ მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - მათ შორის 2014 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.