გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოში მამუკა ახვლედიანი დაკითხეს

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოში მამუკა ახვლედიანი დაკითხეს

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლოში ბრალდების მოწმე, საკრებულოს დეპუტატი მამუკა ახვლედიანი დაიკითხა. 

როგორც ახვლედიანმა თბილისის საქალაქო სასამრთლოში პროცესზე განაცხადა, რიყის ტერიტორიის გასხვისება 2006 წელს კანონიერ ფარგლებში მოხდა, ისევე როგორც მისი დაბრუნება თბილისის ხელისუფლების მიერ. კერძოდ, ახვლედიანმა პროცესზე აღნიშნა, რომ იგი თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარედ 2005-2007 წლებში მუშაობდა. მისი თქმით, კომისიის ძირითადი ფუნქცია იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვა.

ახვლედიანის განცხადებით, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა და ორჯერ ჩატარდა კონკურსი რიყის ტერიტორიის განკარგვის თაობაზე. ერთ-ერთი კონკურსი ჩავარდა, მეორე კი, 2006 წლის დასაწყისში ჩატარდა და მასში მონაწილეობას ორი კომპანია იღებდა, მათ შორის კომპანია "ახალი რიყე". კომისიამ გასცა დასკვნა და უპირატესობა მიანიჭა შპს "ახალ რიყეს", რადგან მისი პირობები უკეთესი იყო. მისივე თქმით, სამ თვეში აღნიშნული კომპანია აპირებდა რიყის ტერიტორიაზე 7 მილიონის დახარჯვას და რეკრიაციული ობიექტების მშენებლობას, მეორე კომპანია კი, საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავდა. ახვლედიანის თქმით, 2008 წელს კრიზისი დაიწყო, ომის გამო ვერ შესრულდა პირობები და რადგან მნიშვნელოვანი იყო რიყის ტერიტორია, მისი გამოსყიდვა გადაწყდა.

"კომპანია "ახალმა რიყემ" 20 მილიონი მოგვთხოვა, მაგრამ ჩვენ ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით 17 მილიონად გამოვისყიდეთ რიყის ტერიტორია, -განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
პროკურორის შეკითხვაზე - იღებდა თუ არა გიგი უგულავა ფასის დადგენაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ასე არ ყოფილა. მისი თქმით, ფასის დადგენის გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ მიიღო, რომელიც კოლეგიალური ორგანოა.

მამუკა ახვლედიანს პროკურორმა საქმეში არსებულ სხვა ეპიზოდებზე, მათ შორის ტელე "იმედის" საკითხზე დაუსვა შეკითხვები, თუმცა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ტელე "იმედთან" შეხება არ ჰქონია. პროკურორის შეკითხვების საპასუხოდ, ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქმეში ბრალდებულ დავით კეზერაშვილთან არანაირი შეხება არ აქვს, ხოლო კიდევ ერთ ფიგურანტს დავით იაკობაშვილს მხოლოდ ტელევიზიის მეშვეობით იცნობს.

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება საქმე, რომელიც რამდენიმე ეპიზოდ მოიცავს - მათ შორის "იმედის" გასხვისების, რიყის ტერიტორიის გასხვისების, საქმეში ფიგურირებს 764 პირის დასაქმება "თბილსერვის" ჯგუფში.

დღევანდელ პროცესზე ჯამში 4 მოწმე უნდა დაიკითხოს, მათ შორის ორი უკვე დაიკითხა. ამ დროისათვის პროცესზე მესამე მოწმეს, ლაშა მაქაცარიას კითხავენ.