თომას ჰამერბერგი:  წინა ხელისუფლების მიერ ფარულად მოპოვებული გადაღებები კრიმინალი იყო

თომას ჰამერბერგი: წინა ხელისუფლების მიერ ფარულად მოპოვებული გადაღებები კრიმინალი იყო

თომას ჰამერბერგის შეფასებით, წინა ხელისუფლების მიერ ფარულად მოპოვებული გადაღებები კრიმინალი იყო. "ეს გადაღებები იყო კრიმინალი, ამ ჩანაწერების გაკეთება იყო დანაშაული , ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, ძალიან დიდ დანაშაულს ჩადიოდნენ", - ამის შესახებ თომას ჰამერბერგმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც "ევროპის სახლში" მიმდინარეობს. 

მისივე განცხადებით, სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სწრაფად განადგურება.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ ადამიანების სრული დაცვის უზრუნველყოფა მომხდარიყო, რომლებისთვისაც იყო განკუთვნილი ეს გადაღებები. მნიშვნელოვანი იყო ამ ჩანაწერების სწრაფად განადგურება, რომ დაცული ყოფილიყო ის ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში იყო ასახული. თუმცა, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ სიჩქარეში არ უნდა განადგურებულიყო კადრები, რომლებიც გამოააშკარავებდა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან", - აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში ყველა უკანონო ფარული ჩანაწერი უნდა განადგურდეს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პირად ცხოვრებას არ ასახავს.

"კიდევ ბევრია სხვა ჩანაწერები, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის - ადამიანებს შორის შეხვედრის ამსახველი, ამ შემთხვევაშიც არაკანონიერია ეს ჩანაწერები და ნებისმიერი მასალა, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განადგურდეს. ამ ტიპის ვიდეომასალები გარკვეული პერიოდი შესაძლოა იქნას შენარჩუნებული, თუ ის გამოძიებას სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა განადგურდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ჩანაწერების ბოროტად გამოყენება", - დასძინა თომას ჰამერბერგმა.