ნინო ბურჯანაძე:  ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობა შეშფოთებას იწვევს

ნინო ბურჯანაძე: ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობა შეშფოთებას იწვევს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შემაშფოთებელია ის მოვლენები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ახალგორში და დიცში მიმდინარეობს. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, კიდევ უფრო შეშფოთებას იწვევს "ის აბსოლუტური უუნარობა ჩვენი ხელისუფლების", რომ რაიმენაირად კალაპოტში ჩააყენოს აღნიშნული პრობლემების მოგვარება.

"გასაგები იყო სააკაშვილის მოქმედებები, რომელიც იყო აგრესიული, გამწვავებისაკენ მიმართული და არანაირად არ იყო მიმართული დარეგულირებისაკენ, მაგრამ იმ აბსოლუტურად უსუსურ, იმ აბსოლუტურად უუნარო, არაკომპეტენტურ განცხადებებს, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ იგივე დიცის და ახალგორის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ შეიძლება შემგუებლურად შეხედო ადამიანმა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ვერ შეძლო რუსეთთან იმ დონეზეც კი ურთიერთობების დამყარება "რომ არ მივიღოთ უარესი შედეგი, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის დროს გქონდა".

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რა ვითარებაც ახლა არის, საგანგაშოა და ეს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.

"მე იმედი მაქვს, რომ ცოტა მაინც გამოფხიზლდება ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი ინციდენტები გამოირიცხოს. მავთულხლართები ქვეყანაში აღარ იქნება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ურთიერთობები რეალურად ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დარეგულირებისკენ წავიდეს. არ უნდა იყო ცარიელი სიტყვები, უაზრო სიტყვები, მიჩერება და მოლოდინი, რას გაგვიკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა, მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება თავად არაფერს აკეთებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.