სიმფონიური ორკესტრიდან დათხოვილი მუსიკოსები კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

სიმფონიური ორკესტრიდან დათხოვილი მუსიკოსები კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრიდან დათხოვილი მუსიკოსები კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მუსიკოსებმა განუცხადეს, მათ სამსახური და ორკესტრი ნიკა რაჭველის, იგივე მემანიშვილის გადაწყვეტილებით დატოვეს.
მათივე თქმით, ნიკა რაჭველს და ორკესტრის ადმინისტრაციას არანარი განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რატომ არ გაუგრძელდა 33 მუსიკოსს შრომითი ხელეშეკრულება.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამსახურის გარეშე დარჩენილმა მუსიკოსმა პაატა ჭეიშვილმა განაცხადა, რომ როგორც მუსიკოსი რაჭველს მოსწონდა, თუმცა ხელშეკრულება მაინც არ გაუგრძელა და უთხრა, რომ ორკესტრის ვაკანტურ ადგილებზე ე.წ. პიარშიკები დასაქმდებოდნენ.

"ნიკოლოზ რაჭველი კარგ მუსიკოსად მთვლიდა, მაქებდა და მისგან საყვედური არ მიმიღია, თუმცა მოულოდნელად გავხდი ცუდი მუსიკოსი და შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა. ისიც განმიცხადა, რომ ჩემს და სხვა ორკენსტარნტების ადგილას პიარშიკები უნდა მიიღოს. საერთოდ, ნიკა მემანიშვილის დირიჟორის დიპლომიც არ აქვს", - განაცხადა პაატა ჭეიშვილმა.

სამსახურიდან გათავისუფლებული მუსიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მათი დათხოვნა არ არის დაკავშირებული პროფესიონალიზმთან და რეალური მიზეზის მოსმენა კულტურის სამინისტროდან სურთ. შესაბამისად, აქციის მონაწილეები მინისტრ გურამ ოდიშარიასთან შეხვედარს ითხოვენ და მინისტრს მოუწოდებენ, დაინტერსედნენ ნიკოლოზ რაჭველის საქმიანობით.

მუსიკოსების აქციას ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე შემოუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ დაირღვა კანონი და შრომითი კოდექსი. მისივე თქმით, ნიკა მემანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ვაკანტურ ადგილებზე უცხოელი მუსიკოსები დაასაქმოს და მათ სოლიდური გასამრჯელო მისცეს.

აქციის მონაწილე მუსიკოსებმა პლაკატებიც მიიტანეს კულტურის სამინტსროსთან და კედელზე გააკრეს - "სასწრაფოდ დაგვიბრუნეთ უკანონოდ წართმეული სამსახური", "სასწრაფოდ შეგვხვდნენ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველშვილი", "სასწრაფოდ მოაშორეთ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს უდიპლომო ნაცმეჯოხე ნიკა მემანიშვილი".