ე.წ. სამხრეთ ოსეთი დიცში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი დიცში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სოფელ დიცთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა. როგორც "რია ნოვოსტის" სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში განუცხადეს, სოფელ დიცის მოსახლეობა შეეცადა ხელი შეეშალა საზღვრის მოწყობის სამუშაოებისთვის.

"ამასთან, ქართული მოსახლეობა მუშებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. მესაზღვრეების მიერ დაფიქსირდა, რომ ინციდენტის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობის მიყვანა ხდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებით", - განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში.

ამასთან, "რია ნოვოსტი" აღნიშნავს, რომ უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სიტუაცია ლოკალიზებული იქნა ინციდენტის ადგილზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საზღვრის დაცვის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ.

"მიუხედავად მესაზღვრეების მიმართ უწყვეტი მუქარისა, მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზე იქნა გაძევებული, მომხდარის შედეგებზე კი "ცხელი ხაზის" მეშვეობით ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში", - აღნიშნავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში, სადაც მომხდარს საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციად აფასებენ, რომელიც ხელს არ უწყობს სტაბილურობას საზღვარზე.