დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი პარლამენტში შევიდა

დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი პარლამენტში შევიდა

"ამნისტიის შესახებ" პროექტი, რომელიც ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. 

პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან ის პირები, ვინც, 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, ჩაიდინა პირადობის მოწმობის, პასპორტის (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტის, დაბადების მოწმობის, დევნილის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაყალბებასთან დაკავშირებული დანაშაული. ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც ამ დანაშაულების 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემები შემდგომ პერიოდშიც გამოიყენეს.

პროექტის თანახმად, ამნისტიის აქტის საფუძველზე, ეს პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან, ხოლო დევნილის მოწმობის გაყალბების შემთხვევაში, პირი აგრეთვე თავისუფლდება დევნილის ყალბი მოწმობის საფუძველზე მიღებული ფინანსური სარგებლის, კერძოდ, მიღებული ყოველთვიური შემწეობისა და ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახელმწიფოსათვის ანაზღაურების ვალდებულებისგანაც.

იმისათვის, რომ პირმა ამნისტიით ისარგებლოს, მან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში, მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

ამასთან, თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება.

ამნისტიის აქტი მსჯავრდებულებს არ ეხებათ.