თეა წულუკიანი:  წელს ვაჩვენებთ, რომ პრეზიდენტს დემოკრატიული გზით შევცვლით

თეა წულუკიანი: წელს ვაჩვენებთ, რომ პრეზიდენტს დემოკრატიული გზით შევცვლით

წელს ვაჩვენებთ, რომ პრეზიდენტს დემოკრატიული გზით შევცვლით, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში , ევროკომისრებთან, შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საარჩევნო გარემო თვისობრივად შეცვლილია. 

"დღეს საარჩევნო გარემო თვისობრივად შეცვლილია. ძალადობას, როგორც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, დღეს აღარ აქვს. ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი კამპანიას თავისუფალ გარემოში ატარებს. ჩვენ გასულ წელს დემოკრატიულად შევცვალეთ პარლამენტი. წელს ვაჩვენებთ, რომ ასეთივე გზით შევცვლით პრეზიდენტსაც", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა შეხვედრაზე უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებაც ისაუბრა. წულუკიანის თქმით, მისი ინიციატივით, კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა: კომისიის წევრები გახდნენ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, ხოლო არასამთავრობო სექტორის უფრო ფართო სპექტრს საშუალება მიეცა, დემოკრატიული პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გამხდარიყო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობით ევროკომისრებიც დაინტერესდნენ.

გარდა ამისა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.

"ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. ქართველ ხალხს, რომელიც შეუსვენებლივ აგრძელებს სვლას ევროპისკენ, თქვენი ხელშეწყობის იმედი აქვს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო.