პარლამენტის საგამოძიებო კომისია პორტაბელობის სისტემის საკითხითაც ინტერესდება

პარლამენტის საგამოძიებო კომისია პორტაბელობის სისტემის საკითხითაც ინტერესდება

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან კითხვები პორტაბელობის საკითხზეც აქვს. საქმე პორტაბელობის სისტემის დანერგვას და მომსახურების განხორციელებას ეხება.

როგორც კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, პორტაბელობასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ფიჭური კავშირგაბმულობის ყველა კომპანია დავობს. მომავალ კვირას საპარლამენტის საგამოძიებო კომისიას პორტაბელობის საკითხს სპეციალურ სხდომას მიუძღვნის.

"მთავარი აქ არის ის, რომ ერთი მხრივ, კომპანიები დავობენ ჩატარებულ ტენდერზე, თუ როგორ შეირჩა კომპანია, რომელიც ამ სერვისს უნდა მომსახურებოდა და მეორე მხრივ, ფორმაზე. მსოფლიო გამოცდილებაში არსებობს სამი მოდელი. აქედან საქართველომ კომპანიებისთვის ყველაზე ძვირი აირჩია. როდესაც დავთვალეთ, თუ როგორია მდგომარეობა და რამდენი პორტირებული ნომერია რეალურად საქართველოში, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირ შემთხვევაშიც კი, რაც ბიზნესიდან ამოღებული იქნებოდა, 600 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, როცა ახლა რეალურად არის 7 მილიონამდე იმ მოდელის წყალობით, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ შემოიღო. სქემა სრულიად არაადეკვატური იყო - როდესაც გაქვს საშუალება იაფად მოემსახურო ბიზნესს, რომელიც იმ ფულს სხვა სასარგებლო საქმეში დააბანდებს, გაუგებარია, რატომ ხდება ამხელა თანხის ამოღება", - განაცხადა ხიდაშელმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, წერილები მარეგულირებელ კომისიაში აღნიშნულ თემაზეც გაიგზავნა და "პორტაბელობა ერთ-ერთი ის საკითხია, რაზეც კომისიას საფუძვლიანი პასუხების გაცემა უჭირს".
პორტაბელობის განხორციელების საკითხებზე კომისია ყურადღებას შუალედურ დასკვნაშიც ამახვილებს.