საქართველოდან რუსეთში სამუშაოდ წამსვლელთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოდან რუსეთში სამუშაოდ წამსვლელთა რიცხვი გაიზარდა

„ახლა, როდესაც ქართულ პროდუქტზე ემბარგო მოიხსნა, ქართველებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდა.“

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამის შესახებ გაზეთი „ბიზნეს რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნევა გალის რაიონში, რადგან აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილება შედარებით მარტივია.

აფხაზეთის გავლით რუსეთში სავაჭროდ ან სამუშაოდ მიემგზავრებიან ზუგდიდელებიც, რისთვისაც ზოგიერთმა აფხაზური პასპორტის აღებაც მოასწრო. გავლენიანი აფხაზების ნაცნობობით ნებისმიერს, რომელიც ენგურს გამოღმა ცხოვრობს, გადაადგილების პრობლემა არ აქვს.

აფხაზური პასპორტის აღებისას ადამიანებს არ აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. წინა წლებთან შედარებით, „პასპორტის“

აღების პირობებიც გაიოლდა, შესაბამისად, გაიაფდა მისი ღირებულებაც. ადრე აფხაზური პასპორტის აღება 10 000 რუბლამდე (600 ლარი) ჯდებოდა, ამ ეტაპზე მისი საფასური 3 000 რუბლამდეც (300 ლარი) შემცირდა.

ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ რუსული პასპორტის მფლობელებს გადაადგილებისას არანაირი პრობლემა არ არსებობს და მათ შეუზღუდავი ვადით შეუძლიათ რუსეთში დარჩენა. მისივე თქმით, რუსეთში სამუშაოდ გალელები ადრეც დადიოდნენ, თუმცა ბოლო დროს ამ პროცესმა სისტემური ხასიათი მიიღო და ტენდენცია უკვე სამეგრელოს რეგიონებშიც შეიმჩნევა, განსაკუთრებით, ზუგდიდის რაიონში.

„არ გამოვრიცხავ, აფხაზეთიდან ჩასული ქართველები რუსეთში ქართული პროდუქციის რეალიზაციაშიც ჩაერთონ“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.

„ახლა, როდესაც ქართულ პროდუქტზე ემბარგო მოიხსნა, ქართველებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდა. სიმართლე გითხრათ, აქ ყოფნა, მორალურადაც და ფიზიკურადაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს“, - ამბობს მოსკოვში მცხოვრები დევნილი.

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, რუსეთში სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა წელს, რაც, გარკვეულწილად, ემბარგოს მოხსნას უკავშირდება.

„უმეტესობა ვაჭრობს ან ქართველების ბიზნესში დასაქმდნენ, უფრო რესტორნებში ან კვების სხვადასხვა ობიექტებში არიან. ადრეც ჩადიოდნენ რუსეთში, თხილი და ციტრუსი მიჰქონდათ, მაგრამ მალევე ბრუნდებოდნენ.

ახლა სიტუაცია შეიცვალა და ადამიანები უკან დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობენ. ყველა ცდილობს, რომ დასაქმდნენ და შემოსავალი გაიჩინონ. მალე პასპორტიზაციის პროცესი განახლდება და რუსეთში წამსვლელთა რაოდენობაც მოიმატებს~, - ამბობს გალის რაიონის მცხოვრები.