მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ

ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა , სადაც ის ეთნიკურ ქართველებს შეხვდა და მათთვის მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა.

"მე წამოვედი თურქეთში და აქ დამხვდა საქართველო. თქვენ ხართ საქართველო. ასე მოხდა, რომ ბედის უკუღმართობის გამო ჩვენმა დამპყრობელმა რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, გაასახლა იმისთვის, რომ საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ, ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში, რომ ქართველებად ვრჩებით სამუდამოდ. ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით მე პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველანი გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას. თურქეთის მოქალაქე იმ ქართველებს, რომლებმაც იციან ქართული, შეინარჩუნეს და უყვარს ქართველობა, თავს გრძნობენ საქართველოს პატრიოტად და უნდათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორს ურთიერთობა გაძლიერდეს, ჩვენ მივცემთ საქართველოს მოქალაქეობას, რადგან თქვენ ყველანი ხართ ქართველები", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკურ ქართველებს.
ამასთან, პრეზიდენტი მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, უფრო "მეტად ქართველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს".

"ჩვენმა სახელმწიფო უწყებამ პრეტენზიები გამოთქვა, რომ პრეზიდენტი არ გვიჯერებს – ჩვენ უარს ვეუბნებით და ის საქართველოს მოქალაქეობას მაინც აძლევსო. არა მხოლოდ ამ მთავრობამ, ჩემი მთავრობის დროსაც ამ კაცს კონტრდაზვერვის ინიციატივით უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ახლა კიდევ 2-ჯერ უთხრეს უარი. საკუთარ თვალებს და ამის საქმეებს დავუჯერო, თუ კონტრდაზვერვას და წულუკიანს? ეს არის ცოცხალი ადამიანი, ხოლო რასაც საქართველოს ხელისუფლებაში ქადაგებენ _ ტყუილი და სიცრუე. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი უფრო მეტად ქართველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც იძახის, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ, რომ რუსებს უნდა დავუწვეთ, ჩექმები ვულოკოთ და უნდა დავყოთ საქართველო მხარეებად", - განაცხადა სააკაშვილმა ერთ-ერთ ეთნიკურ ქართველზე საუბრის კონტექსტში.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მცხოვრებ 936 ეთნიკურ ქართველს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.