შსს-მ სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა, გააძლიეროს

შსს-მ სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა, გააძლიეროს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა, გააძლიეროს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომელიც გუშინ დიცში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდა.

"ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას შეგნებულად არ ავუკრძალავთ ამ ტერიტორიაზე გადასვლას, რა თქმა უნდა, ეს არ არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია, რაც შეეხება დაცვას, აქ შესაძლებელია გაძლიერდეს პატრულირება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უფრო აქტიური შეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და, შესაბამისად, უსაფრთხოების განცდა უფრო მაღალ დონეზე იყოს", - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, არც ერთ დე-ფაქტო თუ დე-იურე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ აქვს უფლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფა სახელმწიფო სტრუქტურების შეურაცხყოფაა.

დიცის ტერიტორიაზე გუშინ დილით რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გააგრძელეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით თვენახევრის წინ მიმდინარეობდა სამუშაოები, შემდგომ კი შეაჩერეს. გუშინ რუსები სოფლის განაპირას კვლავ გამოჩნდნენ. ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ 3 საცხოვრებელი სახლი, ასევე სასაფლაოც, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოჰყვეს.

ხუთი ადგილობრივი მკვიდრი რუსებთან გასაუბრებას შეეცადა, რომ სასაფლაოსკენ მიმავალი გზა არ გადაეღობათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.