ისრაელმა ასადის დამხობას მხარი ღიად დაუჭირა

ისრაელმა ასადის დამხობას მხარი ღიად დაუჭირა

ისრაელის ხელისუფლებამ პირველად ღიად აღიარა, რომ სირის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ძალისმიერად ჩამოცილებას მიესალმება. ამის შესახებ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში ისრაელის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიკლ ორენმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, მეამბოხეების გამარჯვება (თვით „ალ-ქაიდას" მებრძოლების ჩათვლითაც კი) გაცილებით ნაკლები ბოროტება იქნებოდა, ვიდრე სირია-ირანის დღევანდელი ალიანსის შენარჩუნება. „თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ბაშარ ასადი აუცილებლად უნდა წავიდეს. უმჯობესია ხელისუფლებაში იყვნენ ცუდი ბიჭები, რომლებიც არ არიან ირანთან კავშირში, ვიდრე ისლამური რესპუბლიკის მეკავშირეები", - განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ ისრაელს სირიის კონფლიქტში აქვს საკუთარი „წითელი ხაზი", რომლის გადაკვეთასაც მისი ქვეყანა, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არ დაუშვებს. საქმე ეხება არა ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, არამედ, მისი „ჰეზბოლას" ხელში მოხვედრის საშიშროების საკითხს.

თუ ეს მოხდება, ჩვენ უმოქმედოდ არ დავსხდებით - ირწმუნება ისრაელის ელჩი და აქვე იმისაც აღნიშნავს, რომ ახლა, როგორც არასდროს, ისე ემთხვევა ისრაელის და არაბული ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს სპარსეთის ყურეში. მათ საერთო მტერი ჰყავთ ირანის სახით და მხარს უჭერენ სირიის ოპოზიციას - განაცხადა ელჩმა.