დავით საგანელიძე:  დარწმუნებული არ ვარ, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება 100 ხმას მიიღებს

დავით საგანელიძე: დარწმუნებული არ ვარ, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება 100 ხმას მიიღებს

დარწმუნებული არ ვარ, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება 100 ხმას მიიღებს, თუმცა იმედი მაქვს, უმცირესობაში გამოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას მხარს დაუჭერს, - ასეთ პროგნოზს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კონსტიტუციური ქვორუმის შემცირების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტი და მისი გუნდი უკვე დაუპირისპირდა. 

"მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ თავისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტს იმზადებდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შესულიყო საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი, 3/4-იანი ქვორუმი. ეს შესაძლებელს ხდის ხელისუფლების უზურპირებას და მონოპოლიზებას, რაც დაუშვებელია. დარწმუნებული არ ვარ, ჩვენს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივა 100 ხმას მიიღებს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხება საქმე. ამასთან, იმედი გვაქვს, უმცირესობაში რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას მხარს დაუჭერს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, თუკი საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდება, ეს იქნება იმის ილუსტრირება, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ არსებობს პარტიული დიქტატურა.