ირაკლი შიხიაშვილი:  თბილისის მერი ძალიან არაკვალიფიციური და უგუნური ადამიანების გარემოცვაში იმყოფება

ირაკლი შიხიაშვილი: თბილისის მერი ძალიან არაკვალიფიციური და უგუნური ადამიანების გარემოცვაში იმყოფება

თბილისის საკრებულოს აპარატიდან 13 თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი რეორგანიზაციით ხსნის და ნეპოტიზმს გამორიცხავს.

როგორც შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერი ძალიან არაკვალიფიციური და უგუნური ადამიანების გარემოცვაში იმყოფება.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები არის სრული აბსურდი და პოლიტიკური ნიშნით საკრებულოში არავინ გაუთავისუფლებიათ. "ფრაქცია "ნაცმოძრაობის" წევრები საკრებულოს სხდომაზე რომ დარჩენილიყვნენ, მოუწევდათ კითხვაზე პასუხის გაცემა, რატომ იყო, რომ წლების განმავლობაში მძღოლი მთავარ სპეციალისტად იყო გაფორმებული საკრებულოში; რატომ ხდებოდა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებული ნარკომომხმარებელი საკრებულოს აპარატის თანამშრომელი იყო, რატომ ხდებოდა, რომ ადამიანები 4 000 ლარიან თანხას იღებდნენ, რატომ ხდებოდა, რომ ასეთ ადამიანებს წლის განმავლობაში 20-25 000 ლარი აქვთ მიღებული ხელფასის სახით, როდესაც საერთოდ არ დადიოდნენ საკრებულოში წლების განმავლობაში. ამ კითხვებზე მათ პასუხის გაცემა მოუწევდათ. ნეპოტიზმზე როცა საუბრობენ, უნდა გაიხსენონ 2010 წელი, რა წესით გაათავისუფლეს იმ პერიოდში ადამიანები", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერს თუ რაიმე კითხვები გააჩნია და პასუხები აინტერესებს, მივიდეს საკრებულოში და ნებისმიერ საკითხზე მისი ინფორმირებულობა გაიზრდება. შიხიაშვილის მტკიცებით, იმისათვის, რომ საკრებულომ სრულად განახორციელოს მისთვის დაკისრებული ფუნქცია, ამ რეორგანიზაციის განხორციელება აუცილებელი იყო.