საკრებულოს აპარატის 13 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებენ

საკრებულოს აპარატის 13 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებენ

საკრებულოს აპარატი 13 ერთეულით შემცირდება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, უმრავლესობის წევრებმა ერთხმად , 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. საკითხზე თავი არავის არ შეუკავებია. სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია.

საკითხი განსახილველად საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა გაიტანა. ამ გადაწყვეტილებით ცვლილება შევა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბერის დადგენილებაში.

საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრმა მამუკა კაციტაძემ გიორგი ფიცხელაურს მიმართა, დაესაბუთებინა რატომ მცირდებოდა საკრებულოს საშტატო ერთეული 13-ით. საკრებულოს აპარატის უფროსმა აღნიშნულის მიზეზად დაასახელა საკრებულოში განყოფილებების შერწყმა, ასევე ითქვა, რომ ზოგიერთი პირი გაფორმებული იყო საკრებულოში და სხვაგან მუშაობდა, აგრეთვე გამოვლინდა არაკვალიფიციურობის შემთხვევები, რის გამოც მიიღეს საშტატო ნუსხის 13 ერთეულით შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

სხდომაზე საკრებულოს იურდიული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 18-20 000 ლარი ჰქონდათ მიღებული იმ პირებს, რომლებიც გაფორმებული იყვნენ საკრებულოში და სამსახურში არ დადიოდნენ. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა მოსთხოვა საკრებულოს აპარატის უფროს გიორგი ფიცხელაურს, საზოგადოებას გააცნოს, თუ რამდენი ადამიანი იყო გათავისუფლებული 2010 წელს უშუალოდ მამუკა ახვლედიანის მიერ.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, რომ 2010 წელს 50-დან 60-მდე ადამიანი გათავისუფლდა. "მატყუარა და ფლიდი დამოკიდებულებით ცდილობენ "ნაციონალები" საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ასეთი სიტუაცია საკრებულოში დასრულდა. ყველა გადაწყვეტილება ფართო განხილვის შემდეგ მიიღება", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

საკრებულოში რეორგანიზაციის დაწყებამდე 223 საშტატო ერთეული იყო, რეორგანიზაციის შემდეგ კი 13 საშტატო ერთეულით გაუქმდება.