საკრებულოს რიგგარეშე სხდომას

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას "ნაციონალური მოძრაობა" პროტესტის ნიშნად არ ესწრება

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 22 წევრი არ ესწრება. სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის 25 წევრი იმყოფება. 

სხდომის დასაწყისში განცხადების გაკეთება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ახვლედიანმა ითხოვა, რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა. ახვლედიანის თქმით, მათი ფრაქციის 22 წევრი საკრებულოს რიგგარეშე სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. მან პროტესტი გამოთქვა, რომ სხდომის დღის წესრიგი მათთვის ცნობილი მხოლოდ გუშინ საღამოს გახდა და განსახილველ საკითხებს სათანადოდ ვერ გაეცნენ.

ახვლედიანმა პროტესტი გამოთქვა ასევე დღის წესრიგში შეტანილი ერთი საკითხის გამო, რომელიც საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებას ეხება. მისი თქმით, საკრებულოში აპარატისYთანამშრომლების რაოდენობის შემცირება პოლიტიკური ნიშნით ხდება. ახვლედიანის განმარტებით, თითოეულ ასეთ შემთხვევას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ახვლედიანმა სხდომა ფრაქციის 3 წევრთან ერთად დატოვა. ფრაქციის დანარჩენები წევრები კი სხდომაზე თავიდანვე არ გამოცხადებულან.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მამუკა ახვლედიანს და მისი ფრაქციის წევრებს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. მამუკა ახვლედიანის საპასუხოდ ითქვა, რომ საკრებულოში საშტატო რეორგანიზაცია კანოის სრული დაცვით მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კი დასძინა, რომ დღევანდელ სასამართლოში სიმართლის გასარკვევად მეტი შესაძლებობაა. "რკინის ქალამნებიან მამუკა ახვლედიანს შეუძლია იაროს და სიმართლე დაამტკიცოს", - განაცხადა შიხიაშვილმა.

სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. ერთ-ერთ საკითხად საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანაა.