ნინო ბურჯანაძე:   მავთულხლართები საქართველოში არ იქნება, მე დავამკვიდრებ სამართლიანობას

ნინო ბურჯანაძე: მავთულხლართები საქართველოში არ იქნება, მე დავამკვიდრებ სამართლიანობას

"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მავთულხლართები საქართველოში არ იქნება და სამართლიანობას დაამკვიდრებს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. როგორც შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანს თავიანთ გაჭირვებაზე საკითხი არ დაუყენებია.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, შეხვედრისას ყველამ სამაჩაბლოს, კოდორის და საქართველოს მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა.

"ეს ყველაზე დიდი ტკივილია და, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებმაც ეს ხალხი დევნილებად აქცია საკუთარ მიწა–წყალზე, უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი და მისი უტვინო პოლიტიკის მიმდევრები მყავს მხედველობაში, უნდა წარსგდნენ მართლმსაჯულების წინაშე. მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ სამართლიანობა აღდგება ყველგან და ყველასთვის, რაც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მათი მიწა–წყალზე, ძირძველ ადგილებზე დაბრუნებას, ნიშნავს იმას, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარ იქნება. მე მთელ საქართველოს ვეუბნები იმას, რომ საქართველოში დევნილები უნდა დაბრუნდნენ საკუთარი სამშობლოს იმ ნაწილში, საიდანაც ისინი არიან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აღსდგეს ჩატეხილი ხიდები აფხაზებთან და ოსებთან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანების პროცესი დაიწყოს. მე ვპირდები სამეგრელოს, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ჩიხი აღარ იქნება. მე ვპირდები კახელ გლეხს, რომ ომი აღარ იქნება და გლეხები თავისი შრომის საფასურს მიიღებენ. მე ნამდვილად ვიცი ამ ადამიანების პრობლემები, ვიცი, როგორ უნდა მოვუარო მათ და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სამართლიანობა ქვეყანაში აღსდგეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.