საპარლამენტო უმცირესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ქვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევას უმცირესობა არც ერთ შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერს. 

როგორც ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კონსტიტუციის გადახედვისთვის ქვორუმის გაზრდა არის მონაპოვარი, რასაც თავის დროზე, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები ითხოვდნენ და მხარს უჭერდნენ. მისივე თქმით, მათ უმრავლესობას არ გააჩნია არც ერთი საღი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შემცირდეს ქვორუმი 3/4-დან 2/3-მდე.

"ეს არის სიმწრით ჩამოყალიბებული ფორმულირება, რომელსაც დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები ოპოზიციაში ყოფნის დროს ითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა ძალამ 2/3-ით გადაწყვიტოს საქართველოს და კონსტიტუციის ბედი. ამიტომ, ჩვენ, თავის დროზე, ევროსაბჭოსთან და ვენეციის კომისიასთან მუშაობის შედეგად, მათი ეს პოზიცია გავიზიარეთ და ჩავთვალეთ, რომ 2/3-მა ქვორუმმა თავისი დრო და შესაძლებლობები ამოწურა. თავის დროზე, დიდ მიღწევად შეფასდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისათვის 3/4-იანი ქვორუმის დაწესება. ახლა აბსოლუტურად არაარგუმენტირებულად გვეუბნებიან, რომ ეს მაღალი ქვორუმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, 2/3-მდე უნდა დავწიოთ. არც ერთ შემთხვევაში წარმოდგენილ საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა სადღეისოდ კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილება უმცირესობის მხარდაჭერით უნდა განახორციელოს.