ბერა ივანიშვილის კორტეჟი ბათუმის ბულვარში

ბერა ივანიშვილის კორტეჟი ბათუმის ბულვარში

შაბათს, 14 სეტემბერს ბათუმის ბულვარში პიკაპის ტიპის რამდენიმე მანქანა მოძრაობდა. მანქანებში მსხდომი ახალგაზრდები ხალხს რუპორების გამოყენებით ბერა ივანიშვილის კონცერტზე დასასწრებად ეპატიჟებოდნენ. თვითმხილველების თქმით, რომლებმაც ბერას კონცერტის საპიარო კორტეჟის ბათუმის ბულვარში ვოიაჟი ტელეფონებით გადაიღეს, „იგივე კორტეჟი ბულვარში სხვა დღეებშიც მოძრაობდა“.

ბათუმის ბულვარში მანქანებით გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე დაუშვებელია. საშვით კი უმეტესწილად შესაბამისი სამსახურები სარგებლობენ, გამონაკლისი მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაიშვება.

იყო თუ არა ბერას კონცერტის საპიარო კორტეჟის ბულვარში მოძრაობა ბულვარის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული, ამის შესახებ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გურამ ჩიქოვანმა არ იცის. „ზუსტად ახლა ვარკვევ და ცოტა მოგვიანებით დამირეკეთ“, - უთხრა მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში, რის შემდეგაც ზარებს აღარ უპასუხა.

მოგვიანებით ბულვარის ადმინისტრაციაში მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „უფროსი გასულია და ტელეფონი შენობაში აქვს დატოვებული“.

ადგილზე იმყოფებოდა გურამ ჩიქოვანის სამივე მოადგილე, თუმცა პასუხი კითხვაზე ბერა ივანიშვილის საპიარო კორტეჟთან დაკავშირებით არც ერთს არ აქვს. „ეს არის საკითხი, რომელიც უფროსთან თანხმდება“, - უთხრა ერთ-ერთმა მოადგილემ გიორგი ბაღოშვილმა „ბათუმელებს“.

იმ ერთი საათის განმავლობაში, რაც „ბათუმელები“ ადმინისტრაციაში ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა, გურამ ჩიქოვანი შენობაში არ გამოჩენილა. ის ტელეფონს ამ წუთებშიც არ პასუხობს.

ბათუმის ბულვარში ავტომანქანით შესვლა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუ მანქანით შესვლა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, ბულვარის ადმინისტრაცია გასცემს სპეციალურ საშვს. ბულვარის ადმიანისტრაციაში „ბათუმელებს“ ვერ წარმოუდგინეს საშვი, რითაც დადასტურდებოდა ბერას პიარ-ჯგუფი ავტომანქანების კანონიერად შესვლა ბულვარში.