გიგი უგულავა ამხანაგობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს

გიგი უგულავა ამხანაგობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს

თბილისის მერი გიგი უგულავა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 10 მილიონი ლარი ჩამოაჭრა, რის შედეგადაც ძირითადად თბილისის კორპუსებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თანადაფინანსებით გაარემონტონ სახურავები, ლიფტები, შიდაკომუნიკაციები და სადარბაზოები.

უგულავას თქმით, ამ გადაწყვეტილებას აქვს გაგრძელება და სხვა მუხლში პრაქტიკულად საკრებულო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ძველ თბილისში მაცხვორებელ ადამიანებს, რადგან თანადაფიანსების ვალდებულობა მხოლოდ 1,2,3 და 4 სართულამდე შენობებს დაუტოვეს, 5 სართულის ზევით მდგარი კორპუსები კი მთლიანად 100%-ით მერიის მიერ მაგრდება.

"ეს არის არაკვალიფიციური, დისკრიმინაციული, და რაც მთავარია მავნებლური გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ თბილისის ძველ უბნებს ეხება, იმიტომ რომ 1,2,3, 4-სართულიანი სახლები ძველ თბილისშია. ჩვენ აქამდე საკმაოდ ინტენსიურად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებდით ძველ თბილისში, მათ შორის ამ უბანში, ამას ვახორციელებდით ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვიღებთ სურათს, რომ ერთი მხრივ, ჩვენ იძულებული ვიქნებით შევწყვიტოთ ეს სამუშაოები, მეორე მხრივ, მოვთხოვოთ მოსახლეობას თანადაფინანსების შეგროვება და თუ თანადაფინანსება არ შეგროვდება ხელს ვერ გავანძრევთ და მესამე თანადაფინანსება რომც შეაგროვოთ თქვენ, იმის გამო რომ შესაბამის მუხლში თანხები ჩამოჭრილია, მაინც მოკლებული ვიქნებით იმის საშუალებას, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე შეფასებით, ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, საკუთარი მოსახლეობის დაყოფა და სეგრეგაცია სართულიანობის მიხედვით. მისივე განმარტებით, ეს არის არაკომპეტენტური გადაწყვეტილება, რადგან მათი არგუმენტია, რომ პატარა სახლს ცოტა ჭირდება და ცოტას შეაგროვებს მოსახლეობა.

გიგი უგულავას თქმით, თვის ბოლოს, შემდეგ სხდომაზე, ოპოზიციური ფრაქცია შესაბამის საკითხს დააყენებს.