რამაზ საყვარელიძე:  შსს-მ ცრუ შეტყობინების ავტორთა დაკითხვების პროცესზე უფრო მეტი უნდა თქვას

რამაზ საყვარელიძე: შსს-მ ცრუ შეტყობინების ავტორთა დაკითხვების პროცესზე უფრო მეტი უნდა თქვას

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორთა დაკითხვების პროცესზე "უფრო მეტი უნდა თქვას". 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ განუცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აქვთ თუ არა კავშირი აღნიშნული ბრალდებით დაკავებულ პირებს და "მხოლოდ 112-ზე დარეკვის ფუნქცია ჰქონდათ თუ არა". პოლიტოლოგის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი მართულია.

"რა თქმა უნდა, ასეთი შთაბეჭდილება რჩება თუნდაც იმით, რომ მოვლენები ერთმანეთს მიყვა და თან, ისინი, ვინც 112-ზე დარეკეს, გეოგრაფიულად დაშორებულები არიან. არიან თუ არა ისინი ერთმანეთთან კავშირში, პოლიცია არ ამბობს და დაკითხვების შედეგებს არ ახმოვანებს. ამის გამო, ხალხში ეს ეჭვი ჩნდება. რა ირკვევა დაკითხვების შედეგად და არიან თუ ცრუ შეტყობინების ავტორები ერთმანეთთან დაკავშირებული, სასურველია, რომ გახმოვანდეს, ისევე როგორც ის, რაში მდგომარეობდა მათი როლი - მხოლოდ დარეკვით ამოიწურებოდა, თუ ორგანიზატორებიც იყვნენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ "განხორციელებული დაკავებები არაფრის მომცემია".

"თუ დაკავებებმა მომავალი დანაშაულის პრევენცია არ მოახდინა ე.ი არადამაკმაყოფილებლადაა ძიება ჩატარებული და ა.შ. ასე რომ, ამ შემთხვევაში მოვლენა სავსებით გაუგებარია იმ მონაცემების ფონზე, რასაც აქვეყნებს გამოძიება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.