ნინო ბურჯანაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე პარტიის ოფისში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კატერინა ბოლონიეზეს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტებით, წინასაარჩევნო გარემოთი და არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის შეხედულებით დაინტერესდა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალია, კამპანია მაინც არასამართლიან და არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებით, მას არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სარეკლამო დროით. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებით.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" აპირებს ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვებას, რათა მოხდეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.