სოფელ დიცში დაძაბული ვითარებაა

სოფელ დიცში დაძაბული ვითარებაა

სოფელ დიცში დაძაბულობაა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, დიცის ტერიტორიაზე, დღეს დილით რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გააგრძელეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით თვენახევრის წინ მიმდინარეობდა სამუშაოები, შემდგომ კი შეაჩერეს. დღეს დილით რუსები სოფლის განაპირას კვლავ გამოჩნდნენ. ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების შემთხვევაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ 3 საცხოვრებელი სახლი მოყვეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე სასაფლაოც. აქედან გამომდინარე, ხუთი ადგილობრივი მკვიდრი შეეცადა რუსებთან გასაუბრებას, რომ სასაფლაოსკენ მიმავალი გზა არ გადაეღობათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ილია ბერუაშვილი აცხადებს, ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში, ოსური ჯგუფის წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვითარების განმუხტვას რუსი სამხედროები შეცადნენ.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ცდილობენ ვითარების განმუხტვას. რობერტ გაზაევი, დღეს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ქართული მედიის წარმომადგენლების მიმართაც. მან ჟურნალისტებს მოსთხოვა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ "ოსეთის ტერიტორია" და გადასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოსური მხარე მიიღებდა ქართული მედიის წარმომადგენლების დაპატიმრების გადაწყვეტილებას.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სოფელ დიცში შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას.