ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო გარემო შარშანდელთან შედარებით უკეთესია

ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო გარემო შარშანდელთან შედარებით უკეთესია

ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები პირველ კომენტარს აკეთებენ იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში შარშანდელ წინასაარჩევნო გარემოსთან შედარებით უკეთესია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ეუთო-ს დელეგაციის მიზანია საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე დაკვირვება.

"სასიხარულოა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით დამკვირვებლებით ჩამოდის ეუთო საქართველოში, რადგანაც ჩვენი მიზანია, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ, ყველაზე კარგად შეფასებული ეს იქნება სწორედ მათი მხრიდან. გარდა ამისა, მათ ჰყავთ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე აკეთებენ პირველ კომენტარს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია, პრინციპულად განსხვავებულია შარშანდელი წინასაარჩევნო გარემოსთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით გამოხმაურება არის ძალიან დადებითი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგარეო უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ მუშაობის საუკეთესო პირობები.