რიჩარდ ნორლანდი:  ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ ლიდერს

რიჩარდ ნორლანდი: ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ ლიდერს

ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში , რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

ელჩმა წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მშვიდ საარჩევნო პროცესს ელოდება.

რიჩარდ ნორლანდმა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდიც გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ძალადობის გარკვეული საფრთხე არსებობდა.

"ივლისში, პრაიმერის დროს გვქონდა ბოთლებისა და ქვების სროლის შემთხვევა, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულმა შეხვედრამ მშვიდობიანად ჩაიარა. მოსმენილი შეფასებებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, არჩევნების პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის. ამაში საზოგადოებაც დარწმუნებულია. ძალიან მოხარული ვარ პოლიციის დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი, იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია მზად არის, აღკვეთოს შესაძლო დარღვევები. თუმცა, თავისთავად პოლიცია შეინარჩუნებს სრულ ნეიტრალიტეტს და არჩევნების პროცესში პოლიციის მხრიდან სრული ჩაურევლობა იქნება. რამაც ყველაზე მეტად გამახარა, არის ქართველი ხალხის რწმენა – ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს ან ერთ არჩეულ პირს", - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული დემოკრატიულობის მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
აშშ-ის ელჩი ზუგდიდში წინასარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რიჩარდ ნორლანდი შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო სექტორს და ჟურნალისტებს.