"საყოველთაო დაზღვევის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს"

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული ტექნიკური პრობლემები იყო, რომელთაგან ახლა ერთეულია დარჩენილი. 

"საავადმყოფოების მომსახურებას რაც შეეხება, პროექტმა გარდა იმისა, რომ მოსახლეობის 100% მოიცვა, მოგვცა ბერკეტი გაგვეკონტროლებინა მომსახურების ხარისხი და დაგვეფუძნებინა სამედიცინო მოვლის ხარისხის სისტემა. ამ მიმართულებით ქვეყანა ნაბიჯებს დღესაც დგამს", – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის შეფასებით, საყოველთაო დაზღვევის პროექტის პირველი და მეორე ეტაპები მაღალი სიზუსტით შესრულდა. მესამე ეტაპის განხორციელების ფორმა კი მხოლოდ პროექტის გადაფასების შემდეგ გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება მესამე ეტაპს, მის განხორციელებამდე ჩვენ ფინანსურად შევაფასეთ ადმინისტრირებისა და ხარისხის კუთხით რამდენად ეფექტური იყო ეს პროექტი და ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში მოხდება. ამის შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას მესამე ეტაპს იმავე მოცულობით გავაგრძელებთ თუ გავავაფართოვებთ", – განაცხადა სერგეენკომ.