საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვს ეწვია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვს ეწვია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, რათა დაარწმუნოს რუსეთი, მხარი დაუჭიროს სირიის საკითხზე მიღებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება.

ამასთან, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, მოითხოვს გაერო-მ რეზოლუციაში მკაცრი შედეგები გაითვალისწინოს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან მიმართებაში. თუმცა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეები რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ პირველ რიგში, ასადს ქიმიური იარაღის ჩაბარების შანსი უნდა მიეცეს.

ორშაბათს გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ანგარიში წარმოადგინა. როგორც გაერო-ს ინსპექტორთა ანგარიშში იყო ნათქვამი, გასულ თვეს, დამასკოში, კერძოდ გუტას რაიონში თავდასხმისას ზარინის გაზი იქნა გამოყენებული. თუმცა, გაერო-ს ინპსექტორთა ანგარიშში არ არის ახსნილი, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი.