უმცირესობაში რამდენიმე გონიერი ადამიანი მოიძებნება, ვინც ცვლილებებს მხარს დაუჭერს

უმცირესობაში რამდენიმე გონიერი ადამიანი მოიძებნება, ვინც ცვლილებებს მხარს დაუჭერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციასა და მის კრიტიკაში ლოგიკას ვერ ხედავს.

დეპუტატის ვარაუდით, ორი საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც მთავრობის უფლებამოსილების შემცირებას და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევას ეხება, მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე გავა. ხმალაძეს იმედი აქვს, რომ "უმცირესობის რიგებში რამდენიმე გონიერი ადამიანი მოიძებნება, ვინც ცვლილებებს მხარს დაუჭერს".

"სრულიად არალოგიკური იყო ის, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით თქვა. მან განაცხადა, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი იმის გამო აკეთებს, რომ რაღაც თავის თავზე მოირგოს. ამ დროს ეტყობა დაავიწყდა, რომ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. განცხადებაზე, თითქოს კონსტიტუციაში ცვლილებები იმის გამო შედის, რომ რაღაც თავის თავზე მოვირგოთ, მოკლედ ვიტყოდი: "ჩემი შენ გითხარ, გული მოგიკალო". ვინ ირგებდა თავის თავზე კონსტიტუციას მთელი 9 წლის განმავლობაში, ამას ყველა ხედავდა. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც განვაცხადეთ და ამის შემდეგაც არაერთხელ გვითქვამს, რომ უნდა მოვაწესრიგოთ წონასწორობა სხვადასხვა სახელისუფლებო განშტოებათა შორის. ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება კონსტიტუციაში უკვე შევიტანეთ. ახლა ვიხილავთ ცვლილებას, რომელმაც მკვეთრად უნდა შეამციროს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ზეგავლენა პარლამენტზე. თუ პრემიერ-მინისტრს საკუთარი უფლებამოსილებების გაზრდა სურს, მაშინ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება კი არ უნდა გაგვეკეთებინა, მიღებული ცვლილებები უნდა დაგვეტოვებინა და შესანიშნავად "მოაჯდებოდა" თავს პარლამენტს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ანუ სად არის ლოგიკა სააკაშვილის სიტყვებში, მე ვერ "დავიჭირე". რაც შეეხება საკონსტიტუციო კვორუმთან დაკავშირებულ საკითხს და 3/4-ის დაწევის ინიციატივას, ეს იმისთვის კეთდება, რომ კონსტიტუციაში კიდევ არაერთი რამ არის გამოსასწორებელი და თუ კვორუმი 3/4-მდე იქნება გაზრდილი, მაშინ "ნაციონალურ მოძრაობას" დარჩება შესაძლებლობა ცვლილებების შინაარსზე ძალიან ცუდათ ივაჭროს - ცვლილებებს მხარი იმ შემთხვევაში დაუჭირონ, თუ პოლიტიკურ სარგებელს მიიღებენ. ასეთი ვაჭრობის შესაძლებლობა მინიმუმადე რომ შემცირდეს, საჭიროა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების კვორუმი 3/4-მდე არ იყოს გაზრდილი და დარჩეს 2/3-ის დონეზე, ისე, როგორც ეს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ხმალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საკუთარი გუნდის - საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ უმრავლესობამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების გატანა მოახერხა, საქართველოში პროგრესი საბოლოოდ გაჩერდება და ხელისუფლების უზურპაცია მოხდება.

პრეზიდენტმა კვორუმის თემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კვორუმის 2/3-ზე დაყვანა პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას მისცემს, მთავარი გადაწყვეტილებების კონცენტრაცია არაფორმალურად მის ხელში მოხვდეს.