კახეთში მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან

კახეთში მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან

კახეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, იმის შესასწავლად, თუ რა შედეგები მოჰყვა დღეს დაფიქსირებულ მიწისძვრას, სპეციალური ჯგუფები სოფლებში ამ წუთებში გადიან.

"არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაზიანდა სახლების სახურავი და კედლები დაიბზარა, თუმცა უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება. ვითარების შესასწავლად ცალკეულ სოფლებში სპეციალური ჯგუფები ამ წუთებში გადიან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ყვარელში იყო. მიწისქვეშა ბიძგები 08.09 საათზე დაფიქსირდა და საგრძნობი რყევები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.