რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არც ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი არ განხორციელებულა

რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არც ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი არ განხორციელებულა

გაზეთ „რეზონანსის“ მასალები

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი მოლოდინის რეჟიმშია. ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არც ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი არ განხორციელებულა. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პროცესები პოლიტიკური მდგომარეობის გამო ჭიანურდება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის განცხადებამ კიდევ უფრო გააღრმავა.

გარდა იმისა, რომ ახალი არ შენდება, ინტერესი მეორადი საცხოვრებელი ბინების მიმართაც დაიკარგა. ექსპერტები და დილერები ერთხმად აღიარებენ, რომ მოთხოვნა შემცირდა და, გამონაკლისის გარდა, თბილისსა და რეგიონებში ბინები არ იყიდება.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებით შეშფოთებულია. როსტომაშვილი ხელისუფლებას ბიზნესის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ კი, მდგომარეობის დამძიმებაში ადანაშაულებს საბანკო სექტორს, რომელიც ამ მიმართულებით კრედიტებს არ გასცემს.

,,გადაუჭარბებლად ვაცხადებ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი არ ხდება, მოლოდინის რეჟიმი უსაშველოდ გაგრძელდა. არც ერთი მასშტაბური პროექტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, არაფერი კეთდება ღირებული. ბანკები თავს იკავებენ სამშენებლო სექტორში თანხების ჩადებისგან, პროექტებს ამ მიმართულებით არ აფინანსებენ. ,,საქართველო ბანკს” აქვს თავისი კომპანია და, ცხადია, სხვას არ მისცემს კრედიტს, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სიტუაცია რომ გამოსწორდეს, უნდა გაჩნდეს იმედი. ბიზნესი დამოკიდებულია სტაბილურ მდგომარეობაზე ეკონომიკასა და ბიზნესში. სხვანაირად ადამიანი ვერ განეწყობა, რომ ბინის შეძენის ინტერესი გაუჩნდეს. ახლა ხალხი არჩევნებს და პროცესების შემდგომ განვითარებას ელოდება”, - აცხადებს როსტომაშვილი, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ უძრავი ქონების სექტორში მდგომარეობა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის დაანონსებამ ვითარება კიდევ უფრო გაურკვეველი გახადა. ცხადია, ბიზნეს-გარემოზე ასეთმა გადაწყვეტილებამ ცუდად იმოქმედა. ადამიანი, რომელიც ინვესტირებას გეგმავს, არაპროგნოზირებადი პოლიტიკური პროცესების ფონზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ამდენად, მიმდინარე პროცესებმა ადამიანებს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა კიდევ უფრო გაუხანგრძლივა. უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება დამოკიდებულია პერსპექტივაზე, როცა ის არ ჩანს, ბაზარზე აქტიურობას არც უნდა ველოდოთ. დარგს უნდა მიხედვა და პატრონი არ ჰყავს. საერთოდ არ გვეკითხებიან, რა პრობლემა გვაქვს და როგორ ვართ. ერთი აჟიოტაჟი ატყდა იპოთეკარებთან დაკავშირებით. არავინ არკვევს, დაზარალებულებს შორის რამდენი ადამიანია, რომელიც უსამართლოდ დაიჭირეს და მოსთხოვეს ფულის მიტანა, რისთვისაც ბინა ჩადეს. ზოგმა სამსახური დაკარგა და გადახდისუუნარო გახდა. ყველა საკითხი ინდივიდუალურადაა შესასწავლი, მაგრამ სპეციალისტები არ ჰყავთ. ამის გამო პასუხისმგებლობას ერიდებიან. ეს და უამრავი სხვა ფაქტორია, რის გამოც არასასურველ სიტუაციაში აღმოვჩნდით”, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

ექსპერტების განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო დროს უცნაური პროცესები განვითარდა: არ იყიდება ბინები, ხოლო გირაოს ფასი ბინის ღირებულებას გაუტოლდა.

დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში დილერები ჩივიან, რომ ბინებს ვერ ყიდიან. მათი თქმით, რეალიზაცია უჭირთ მეორად საცხოვრებელ კორპუსებშიც, სადაც გაყიდვები მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.

,,ბინებზე მეტად მოთხოვნა კომერციულ ფართებზეა. რაც შეეხება ფასს, ვაკის შემთხვევაში ის 3000 დოლარსაც აღწევს. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ფასს განსაზღვრავს. მაგალითად, საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მომხმარებლის ინტერესს იპყრობს კეთილმოწყობილი ეზო და სადარბაზო (ვაკეში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს ეზო საერთოდ არ აქვს), ბინის განლაგება და სხვა. ბაზარი მოლოდინის რეჟიმშია. ეს მდგომარეობა, მოსალოდნელი არჩევნების გამო, შესაძლოა, კიდევ უფრო გახანგრძლივდეს“, - აცხადებს ექსპერტი მზია თოლორდავა.

შესყიდვების დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ გაზრდილა. სამაგიეროდ მოიმატა მოთხოვნამ გირაოზე. თუმცა, ამ მხრივაც სერიოზული პრობლემებია, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია და გირაოებიც რეალურად არ არის.

სააგენტო ,,ჯეოფლათის” წარმომადგენელი ,,რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად იაფფასიან ბინებზეა შენარჩუნებული და, ძირითადად, გარეუბნებში იყიდება.

,,მოთხოვნა იმდენად შემცირდა, რომ ხშირად 60 ათას დოლარად ღირებული ქონების გაყიდვა მეპატრონეს 45 ათას დოლარად უწევს. ბევრია გასაყიდი ბინა, მაგრამ არ გვყავს რეალური მყიდველი.

შემცირდა გირაოც, რომლის ფასი ხშირად ბინის ღირებულებას უტოლდება. არსებულ პირობებში ბინებს მეპატრონეები ძალიან მაღალ ფასში აგირავებენ, რაც ქართული ბაზრისთვის უკვე ტენდენციადაც იქცა”, - ამბობს სოსო გამყრელიძე, სააგენტო ,,ჯეოფლათის” წარმომადგენელი.