საგარეო უწყება:  ევროპარლამენტი

საგარეო უწყება: ევროპარლამენტი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. 

"ევროპარლამენტარებმა დაგმეს ის მიუღებელი ზეწოლა, რასაც რუსეთი ახორციელებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მიმართ მაშინ, როდესაც ვილნიუსის სამიტი ახლოვდება და მოუწოდეს მოსკოვს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ჰელსინკის პრინციპებს და პატივი სცეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სუვერენულ უფლებას, გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი.

რეზოლუცია მტკიცედ უარყოფს იმ იდეას, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან "ნულოვანჯამიანი თამაშია" (ზერო-სუმ გამე) და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების თავისუფალ არჩევანს უარყოფითი შედეგები არ უნდა მოჰყვებოდეს რუსეთთან არც სავაჭრო ურთიერთობების მხრივ და არც სხვა მიმართულებებით (მაგ: სავიზო შეზღუდვები, მუშახელის მობილობის შეზღუდვა, "გაყინულ" კონფლიქტებში ჩარევა).

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებზე დაფუძნებული შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები თავად რუსეთის ინტერესებში შედის, იმის გათვალისინებით, რომ ამგვარად მოხდება მის საზღვრებთან სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თანამშრომლობის სივრცის გაფართოება. ამასთან, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს რუსეთს ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისაკენ.

ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკომისიასა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში მიმდინარე განვითარებების განხილვისას გასცდეს სავაჭრო განზომილებას (რომლის მიღმა უხეში პოლიტიკური წნეხის დგას) და მკაფიოდ დააფიქსიროს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის მხარდაჭერა.
ევროპარლამენტარებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეთანხმებების პარაფირებისა და ხელმოწერისთან დაკავშირებით, იმ პარტნიორებთან, რომლებიც ამისათვის მზად არიან ("წჰიცჰ არე რეადყ ანდ წილლინგ ტო დო სო") და მოუწოდეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს, გააგრძელონ ვილნიუსის სამიტისათვის მოსამზადებელი პროცესი და არ დანებდნენ რუსეთის ზეწოლას.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება, რაც გულისხმობს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" იმ ქვეყნებთან ჩართულობასა და დაცვას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ღია, საგანგაშო და ზრდადი წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი. ამ კონტექსტში, ევროპარლამენტარებმა მიმართეს ევროკომისიასა და საბჭოს, განახორციელონ პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი კონკრეტული და ეფექტური ღონისძიებები",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+TA+P7-TA-2013-0383+0+DOC+XML+V0//EN&language=EN.