ირაკლი შიხიაშვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ირაკლი შიხიაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს საკუთარი გეგმები და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. 

"საკრებულოს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს, მრავალი წლის მანძილზე ფუნქცია ჰქონდა დაკარგული. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ფუნქციის აღდგენა და ამასთან დედაქალაქისთვის უფრო მეტი მეგობრის შეძენა, ხოლო უკვე არსებულ მეგობრებთან ურთიერთობის გამყარება და განმტკიცება გახლავთ. მთავარი მესიჯი, რომელითაც დღეს ჩვენს მეგობრებს მივმართეთ, თბილისისთვის ახალი, საკუთარი კონსტიტუციისა და განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა, რაც დედაქალაქის განვითარებას მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის სურვილისამებრ აბსოლუტურად გამორიცხავს"", – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

ელჩებთან შეხვედრის ძირითადი მიზანი ურთიერთგამოცდილების გაზიარება იყო. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, ელჩებს ნაცმოძრაობის მმართველობისას არსებული რეალობა გააცნეს და ასევე თვითმმართველობის განვითარებასა და ნაციონალური რეჟიმიდან დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლისას მათი გამოცდილების დანერგვის თაობაზეც ისაუბრეს.