ერგნეთში შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

ერგნეთში შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები ცხრა საკითხს 5 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. 

ქართულის მხარის განცხადებით, შეხედრაზე დააყენეს საქართველოს საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის საკითხი. კერძოდ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ქემოკლიძის ცნობით, 11 სექტემბერს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა, "მი 24"-მა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააპროტესტეს. მისივე განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

რაც შეეხება ოსურ მხარეს, ოსური ჯგუფის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს იმ ფოტომასალას, რომელიც ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე წარმოადგინა. გაგლოითის განცხადებით, ფოტომასალაში წარმოდგენილია მოწმენდილ ცაზე ვერტმფრენის მანევრი, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ასევე ახალგორის შესასვლელში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან 18 სექტემბრისთვის დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედება. ქართული მხარე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ოსური დელეგაცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და დასმულ შეკითხვებს კონკრეტული პასუხები ვერ გასცა.

ხოხ გაგლოითი კი აცხადებს, რომ ამ რეგულაციების ამოქმედება უკვე გადაწყვეტილია, თუმცა, მთლიანად არ მოხდება ტვირთების შეტანის შეზღუდვა და ეს ძირითადად შეეხება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. კერძოდ, 18 სექტემბრიდან ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აღარ მოხდება. გაგლოითის თქმით, ფეხით მოსიარულეებს მიეცემათ შესაძლებლობა, 50 კგ-მდე ტვირთი, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი თუ სხვა პროდუქტები გადაიტანონ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იდგება და შემდგომ უკვე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას.

დღეს კიდევ ერთი საკითხი დააყენა ქართულმა მხარემ, ეს იყო ეთნიკურად ოსი ეროვნების მოქალაქეების ახლობლების დაკითხვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. როგორც ცნობილია, ოსური მხარე რამდენიმე თვეა აყენებს აღნიშნულ საკითხს და ქართულმა მხარემ შესთავაზა, რომ დაკარგულების ნათესავები დაიკითხონ მთავრ პროკურატურაში, თუმცა ოსური მხარე ამბობს, რომ ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი აქვს და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება.