შვედეთი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარება

შვედეთი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარება

შვედეთი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს , მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დღეს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს პროგრამის მენეჯერს, ოლეგ იზიუმენკოსა და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი მხარეებს შორის მყარი ნარჩების მართვის კუთხით თანამშრომლობას შეეხო.

"შვედეთი მზად არის, ქართულ მხარესთან სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმოს. ჩვენ განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიც არსებული ნაგავსაყრელების დახურვა იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, შევძლებთ, ქმედითი დახმარება გაგიწიოთ კადრების გადამზადების თვალსაზრისით. ასევე, შევქმნათ ნარჩენების მართვის რამდენიმე თანამედროვე მოდელი, რომელთაგან თქვენ სასურველ ვარიანტს შეარჩევთ," - განაცხადა ოლეგ იზიუმენკომ.

საქართველოს რეგიონული განვიარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახალი შექმნილია და სამინისტრო თანამშრომლობის ამგვარი განვითარებით მოხარული იქნება.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თანამშრომლობა. ასეთი სტრუქტურა აქამდე არ არსებობდა. მეტიც, ნარჩენების სტატისტიკის მოწესრიგებაც ჩვენ მოგვიხდა, რადგან, წინა ხელისუფლების დროს, მეტი ნაგვის გაწერა ბიუჯეტიდან მეტი შემოსავლის მიღებას ნიშნავდა. შესაბამისად, მაშინდელი ციფრები რეალობას არ ასახავდა. ამ სფეროში ჩვენ გვჭირდება როგორც კადრების გადამზადება, ისე ჩვენი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ადეკვატური სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.