გია ხუხაშვილი:  თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი

გია ხუხაშვილი: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი "წარმოუდგენლად უყაირათოა"

საქართველოს მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს "წარმოუდგენლად უყაირათოს" უწოდებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა, პრეზიდენტი აჭარბებს და სამუშაოების 80% შესრულებული არ არის, თუმცა პროექტის "სერიოზული ნაწილის" შესრულება მისი შეჩერებას ხელს ვერ შეუშლიდა.

"ეს პროექტი ხარჯიანია არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ ექსპლუატაციის პროცესშიც. ის საზიანოა რკინიგზისთვის. პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა თავის დროზე აბსურდული პროექტი ჩაიფიქრეს და რადგან მათ ფული გადაყარეს, ჩვენც იგივე გავაგრძელოთ?!", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყნებში ვაგზალი ქალაქშია, რათა მგზავრების გადაადგილება მოსახერხებელი იყოს.

რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, ხუხაშვილის აზრით, ამ მხრივ გარკვეული დისკომფორტი იქმნება, თუმცა მისი მოგვარებაც სხვაგვარად შეიძლება.

"ფინანსურად კი პროექტი იმის 10 პროცენტსაც ვერ ამოიღებდა, რაც ეს პროექტი ჯდება. შესაბამისად, არგუმენტი ძალიან ბევრია. გასაგებია პრეზიდენტის და ქალაქის მერის "ლოგიკა" – ქურდს ქუდი ეწვის და ასევე, მათ იციან, რომ ეს პროექტი მათი პრესტიჟის საქმეა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

თბილისის შემოვლითი რკინიგზა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობის შეჩერება ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.