სტუდეტური თვითმმართველობები შესაძლოა, აღარ დაფინანსდეს

სტუდეტური თვითმმართველობები შესაძლოა, აღარ დაფინანსდეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 

ლადო პაპავას შეხვედრა თსუ-ს სტუდენტების ნაწილთან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უნივერისტეტის რექტორი სტუდენტებისგან მათი პრობლემების შესახებ მოსაზრებებს ისმენდა, რის შედეგადაც, მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ლადო პაპავა სტუდენტებს ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის დაფიქსირების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას დაპირდა. მისივე თქმით, იგი მზად არის ხელი შეუწყოს ფაკულტეტების ავტონომოურობის გაზრდას. თსუ-ს რექტორის განცხადებით, მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სასწავლო მასალისა და ლიტერატურის არსებობა და ბიბლიოთეკების მოწესრიგება.

როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, აუცილებელია ფაკულტეტებზე სამეცნიერო წრეების არსებობა და სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში. მისივე თქმით, იგი პროექტორებისა და ქსეროქსის აპარატების ნაკლებობის პრობლემასაც გაითვალისწინებს.

შეხვედრაზე მყოფმა სტუდენტების ნაწილმა სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაც გააკრიტიკა. ლადო პაპავამ აღნიშნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა, უშუალოდ ფინანსებს, კონკრეტული პროგრამისა და შეთავაზების გარეშე ვერ მიიღებს. მისივე თქმით, განათლების სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული თემაც იქნება ჩადებული.

"თვითმმართველობასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ის მწირი რესურსები, რაც უნივერსიტეტს აქვს გამოყოფილი, იქნება ნებისმიერი სტუდენტური პროექტისთვის. თუ თვითმმართველობა კარგ სტუდენტურ პროექტს შეარჩევს, თვითმმართველობა დაფინანსებას მიიღებს. ხოლო თუ სტუდენტთა სხვა ჯგუფი პროექტს შეარჩევს, ის მიიღებს დაფინანსებას. ფინანსური თვალსაზრისით, აპრიორი, პრიორიტეტები არავის მიეცემა", - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, კანონმა, ზოგადად უნდა განსაზღვროს სტუდენტური ორგანიზაციების არსებობა და მათი როლი უნივერისტეტში "და არა რომელიღაც ერთი ორგანო, თუნდაც მას ერქვა სტუდენტური თვითმმართველობა".

თავად სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას დადებითად აფასებენ. მათ მადლობა გადაუხცადეს ლადო პაპავას შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ მისი წინამორბედი, ალექსანდრე კვიტაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებს არ ხვდებოდა და მათ მტრებს ეძახდა.

თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელიც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ხოლო გარკვეული საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება.

"წინანადებები, რომლებიც სახელმძღვანელობის მომზადებასთან, დაწერასთან და თარგმნასთან არის დაკავშირებული, ხანგრძლივ დროსთან არის დაკავშირებული. ამისთვის ფული გამოყოფილია, ფაკულტეტების ხელმძღვანელებს გაცნობიერებული აქვთ ამოცანა, დავალება მიღებული აქვთ, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება", - განაცხადა ლადო პაპავამ და აღნიშნა, რომ სტუდენტებთან შეხვედრები ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება, აუცილებლობისა და საჭიროების შემთხვევაში კი, იგი სტუდენტებს თვეში ერთხელაც შეხვდება.