ბათუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის სასამართლომ ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნდარიძეს და რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს ლაკაევი არ ესწრებოდა, ის დაჭრილია და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. 

იუსუფ ლაკაევი ბათუმში 13 სექტემბერს დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1993 წელს დაბადებული ფირუზ წულუკიძე, ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მალავდა.

მოქალაქე, რომელსაც წულუკიძე მალავდა, საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ასევე ბათუმში დროებით მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული თემურ ბახუნტარაძე უწევდა.

აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობა შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს. დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბათუმში პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა პირი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვეს. აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც რამდენიმე უმისამართო გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაიჭრნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი ი.დ და მოქალაქე ე.ხ; პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით, თავდამსხმელი დაიჭრა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელიც და მისი თანხმლები პირები - ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე ადგილზევე დააკავეს.

დადგინდა, რომ თავდამსხმელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოში არალეგალურად მყოფი, 1988 წელს დაბადებული იუსუფ ლაკაევია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გაწევისა და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სსკს-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით.