ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის საჩუქარს კანონდარღვევად არ მიიჩნევს

ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის საჩუქარს კანონდარღვევად არ მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მხრიდან მისთვის საჩუქრის გაკეთებას კანონდარღვევად არ მიიჩნევს.

როგორც პრემიერმა დღეს, შუახევში ჰესის საძირკველის ჩაყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე საუბარი უხერხულია.

"საჩუქარზე, ეს საკითხი არ უნდა გაინტერესებდეთ. ჩვენ არასდროს კანონის წინააღმდეგ არ ვიქცევით, არც მე და არც მისი უწმინდესობა. თუ საჭიროება იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ამ თემის წამოწევა ცოტა უხერხულია. ძალიან ინტიმური საღამო გვქონდა, მისი უწმინდესობა ოჯახში დავპატიჟეთ. საჩუქრები გავაკეთეთ ორივე მხრიდან და ეს იყო ნორმალური. ძალიან გთხოვთ უფრო რბილად, უფრო ფაქიზად მოეკიდოთ ამას. ჩვენ კანონი არასდროს დაგვირღვევია. ვინც არღვევდა კანონს, კი არ არღვევდა, თელავდა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პატრიარქი რამდენიმე დღის წინ პრემიერის ოჯახს სტუმრობდა. ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს საათი აჩუქა.